თეგი: გაზის ტრანზიტი

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, უკრაინული ოპერატორი ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტს აჩერებს - კომპანია

უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი ფორსმაჟორული სიტუაციის შესახებ იტყობინება. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, გაზის გამანაწილებელი სადგურ „სოხრანივკიდან“ და საკომპრესო სადგურ „ნოვოპსკოვიდან“, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარეობენ, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების გაგრძელება შეუძლებელი ხდება. აქედან გამომდინარე, უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა განაცხადა, რომ 11 მაისის 07:00 საათიდან შეაჩერებს გაზის ტრანზიტს ლუჰანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სადგურების გავლით. საკომპრესო სადგური ნოვოპსკოვი ლუჰანსკის რეგიონში მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც გაზის თითქმის მესამედი (დღეში 32,6 მილიონ კუბურ მეტრამდე) რუსეთიდან ევროპაში მიედინება. „ევროპელი პარტნიორების მიმართ ტრანზიტული ვალდებულებების სრულად შესასრულებლად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიუწვდომელი სიმძლავრის დროებით გადატანა შესაძლებელია სოხრანივკას პუნქტიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სუჯას პუნქტში“, - ნათქვამია განცხადებაში. კომპანია განმარტავს, რომ არაერთხელ აცნობა „გაზპრომს“ რუსი ოკუპატების ქმედებების გამო, გაზის ტრანზიტისთვის შესაძლო საფრთხეების შექმნის შესახებ, მაგრამ ეს მიმართვები იგნორირებული იყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული გაზპრომი უკრაინას ტრანზიტული გაზის „გაუჩინარებაში ადანაშაულებს“ და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდებას შეამცირებს. უკრაინის მეშვეობით „გაზპრომი“ აგაზის ძირითად მოცულობას ევროკავშირს აწვდის, რომელთანაც ერთ წელზე მეტია ენერგეტიკულ ომს აწარმოებს და ასევე მცირე მოცულობებს აგზავნის მოლდოვაში. უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაზის „გაუჩნარების“ ბრალდებებზე. უკრაინული ტრანზიტი, Nord Stream გაზსადენზე აფეთქებების შემდეგ, ერთ-ერთი დარჩენილი მარშრუტია, რომლითაც ევროკავშორი რუსულ გაზს იღებს. უკრაინული ტრანზიტის გარდა, თურქეთზე გადის სამხრეთის დერეფანიც, რომლის გავლითაც ევროკავშირისთვის დაახლოებით იგივე ოდენობის გაზის მიწოდება ხდება, რასაც უკრაინის ტრანზიტით იღებს.